განა არსებობს ქვეყნად ადამიანებს შორის სიყვარულზე ძვირფასი რამ? არსებობს და თან როგორი მძაფრი, მას ძაღლური ერთგულება ჰქვია. სიყმაწვილის წლებიდან ჩემი ოცნებისა და ნატვრის საგანი იყო კავკასიური ნაგაზი. რადგანაც ერთოთახიან საერთო ბინაში მშობლებთან ერთად ვიყავი გამომწყვდეული ჩემი ოცნება ლამაზ ოცნებად დარჩა, მაგრამ სიყვარული ამ უტყვი არსების მიმართ წელთა დინებამ ვერა და ვერ გაანელა. ერთხელ ქუჩაში მონადირე მეძაღლეებმა ორი მაწანწალა ძაღლი დაიჭირეს და განწირული წკმუტუნით ჩაუძახეს სიკვდილის ყუთში. მანქანით ვიყავი და გზა გავაგრძელე. ერთი კილომეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ უცებ მანქანა შემოვატრიალე, დავეწიე და ფულით დავიხსენი ისინი სამუდამო დადუმებისაგან.
უნდა გენახათ რა შეშინებული და ბედნიერები იყვნენ უცაბედი თავისუფლებისაგან. საწყლებმა მთელი ძალით გაკურცხლეს ღია ჭიშკრისკენ და სადღაც მიიმალნენ. ის იყო მანქანაში ვჯდებოდი, რომ ძაღლის საბრალო წკმუტუნი შემომესმა, შემოვტრიალდი და მეძაღლეების მანქანას ავახტი, სიკვდილის ყუთიდან ქუჩის მაწანწალა, პატარა, ლამაზი ძაღლი განწირულად შემომცქეროდა. თითქოს მეუბნებოდა, შე კაი კაცო, მე რაღად დამტოვეო. მანქანასთან მდგომი მეძაღლეები მიხვდნენ, რომ ფულის შოვნის წყარო გაუჩნდათ, ჰოდა, მეც აღარ დავაყოვნე, მანქანიდან ათლარიანი გადავუგდე და ვანიშნე, სიკვდილის ყუთი გაეხსნათ. ერთმა მათგანმა ძაღლი ამოიყვანა და ქუჩაში დასვა. მაინტერესებდა, გაიზიარებდა თუ არა იგი თავისი წინამორბედის ხვედრს და სასწრაფოდ გაეცლებოდა იქაურობას, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, იგი ადგილზე გაქვავდა და ფეხს არ იცვლიდა. იმის შიშით, რომ ამ ძაღლისშვილებს ეს უცოდველი ცხოველი, ჩემი წასვლის მერე, ისევ სიკვდილის ყუთში არ ჩაეგდოთ, მანქანა არ დავძარი ადგილიდან. ისინი გამომემშვიდობნენ და ახალი სიცოცხლის მოსანუსხად გაემართნენ. როცა მათი მანქანა თვალსაწიერს მიეფარა, მეც გავემართე ჩემი მანქანისაკენ. ძაღლი გამომედევნა და ფეხებში მებლანდებოდა. - წადი, ცუგა, წადი!- ვუთხარი მე და ნელი სვლით გზას გავუდექი, თან სარკეში ვიყურებოდი, მაინტერესებდა, რას იზამდა. მან რამდენიმე ნაბიჯი მანქანისაკენ გადმოდგა და რომ მიხვდა, ვერ დამეწეოდა, სასოწარკვეთილი ადგილზე დარჩა.
ფიქრით შორეულ წარსულს დავუბრუნდი, გამახსენდა ბავშვობის წლებში მომხდარი ამბავი, როცა სტადიონზე გადავწყვიტეთ შესვლა მე და ჩემმა მეგობარმა. ბედის უკუღმართობამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. მე მამა მყავდა დაპატიმრებული, მას კი დედა გარდაეცვალა და მამამაც მიატოვა. თავის უფროს და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. შესახედავადაც უხეირო იყო, თითქოს ბედს დაეცინა მისთვის. ფეხბურთზე დასასწრებად ჩემი გეგმა მქონდა შემუშავებული, რითაც ყველა მატჩს ვესწრებოდი. როცა ვინმე ბილეთიანი დარბაისელი კაცი გამოჩნდებოდა, მოკრძალებით მივიდოდი და ვთხოვდი: - ბიძია, ვითომ თქვენი შვილი ვარ, იქნება სტადიონზე შემიყვანოთ მეთქი. არ მახსოვს, ამ თხოვნაზე ვინმეს უარი ეთქვას. ჰოდა, ჩემს მეგობარსაც ვასწავლე, როგორ უნდა მოქცეულიყო. პირველად მე ავარჩიე ვიღაც ჭაღარა კაცი. ჩემს თხოვნაზე ღიმილით ხელი გადამხვია და სტადიონზე აღმოვჩნდი . შიგნიდან ვუყვიროდი: მიდი, ბიჭო, ვინმესთან და სთხოვე, შემოგიყვანოს! მაგრამ ბუნებით მორცხვმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. როცა ძალიან შევუჩნდი, ვიღაც ახმახი კაცი აარჩია, მივიდა და სთხოვა, ვითომ თქვენი შვილი ვარ, შემიყვანეთო. ახმახმა ცუდად ჩაცმული ბიჭის შვილობა იუკადრისა, რაღაცა ჩაიბურტყუნა და გასცილდა. საწყალი კი დარცხვენილი იქვე მდგარ ბოძს ნირდაკარგული აეტუზა. იმ წუთას გარეთ გამოვვარდი, ხელი გადავხვიე და ვუთხარი, ეგ ვიღაცა არაკაცი ყოფილა, სხვა ავარჩიოთ-მეთქი. მან მწარედ ჩაიღიმა:- საკუთარმა მამამ მიმატოვა, ბიჭო, სხვა როგორ მიშვილებსო?! გული დამეწვა, ვინანე საერთოდ სტადიონზე მოსვლა და ვუთხარი:- იცი, რას გეტყვი? ძალიანაც კარგი, რომ ვერ შევედით, მაინც „ფარჩაკულ“ გუნდთან თამაშობენ. ის იყო, შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ, რომ ვიღაც მაღალმა კაცმა, ჯიბიდან ბილეთი ამოიღო და შესძახა:- ზედმეტი ბილეთი ვის უნდა? - ნაბიჯი წინ გადავდგი, მაგრამ, რადგან დიდი ბიჭები მისცვივდნენ, ადგილზე გავშეშდი, მივხვდი, ის ბილეთი მე არ მერგებოდა. უცებ ხმა შემომესმა:–არა, არა, ეს ბილეთი ამ პატარა ბიჭისააო. ხალხის რკალი გაარღვია და თანაგრძნობითა და სიყვარულით გამომიწოდა ბილეთი. მადლობა გადავუხადე და ბილეთი ჩემს მეგობარს ვაჩუქე. ჩემი საქციელით გაკვირვებულმა მკითხა:–შენ რატომ არ დაიტოვეო? ბიძია, ვუთხარი მე, – ამ ბილეთით ჩემი მეგობარი შევიდეს, მე კი, როგორც შვილი ვინმეს შევყვები-მეთქი. რაღა სხვის შვილად, ბარემ ჩემთან ერთად შემოდიო, მითხრა მან და მანიშნა, წინ გამიძეხიო. ასე მოვხვდით იმ დღეს ფეხბურთის მატჩზე–მე–შვილად, ხოლო ჩემი ძმაკაცი, ბილეთით. როცა ფიქრიდან გამოვედი, სასწრაფოდ დავამუხრუჭე მანქანა და უკანა სვლით მოვწყვიტე ადგილიდან. სწრაფად მცირდებოდა მანძილი ჩემსა და ძაღლს შორის. როგორც კი შენიშნა მანქანა, ჩემკენ გამოიქცა. მანქანა შევაჩერე და გადმოვედი. ჩემი გადმოსვლა და იმისი მანქანაში შეხტომა ერთი იყო. როცა ჩავჯექი, გვერდითა სკამზე წამოსკუპდა. სევდიანი, მაგრამ მადლიერი თვალებით შემომცქეროდა. ასე აღმოვჩნდით სახლში მე და ჩემი პატარა, უმწეო მეგობარი. ჩემიანებმა ძაღლი ლაზათიანად დაბანეს. როცა ოთახში შემოიყვანეს ისე გალამაზებულიყო, თავი ვეღარ შევიკავე და მოვეხვიე. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. წლები მიდიოდა. ვეტექიმის დასკვნით ძაღლი ხუთი წლის იქნებოდა, როდესაც საზღვარგარეთ სამუშაოდ მიმიწვიეს, ყველაზე ძალიან მშობლების მიტოვება გამიჭირდა, ამას ზედ დაერთო ძაღლის სიყვარულიც. განშორების წუთები ახლოვდებოდა. ცუდ ხასიათზე ვიყავი. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და თანამოზიარე უტყვი არსება მთელი არსით გრძნობდა ჩემთან განშორების ტკივილს, მაგრამ მის თვალებში იმედის ნაპერწკალი შევამჩნიე. ალბათ ფიქრობდა, იქნება თან წამიყვანოსო. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ამ ნაპერწკალს ხანძრად გადაქცევა არ ეწერა. ღამე საწოლში ჩემს ფეხებთან გაატარა. არც მე და არც იმას თვალი არ მოგვიხუჭავს. ორივე მეორე დღის განშორების სევდით ვიყავით შეპყრობილი. დილით მაგრად ჩავიკარი გულში. შემდეგ ჩემს მშობლებს გადავეხვიე. მერე უცებ შემოვტრიალდი და ისე, რომ უკან აღარ გამომიხედავს, გზას გავუდექი.
ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის მეორე წელი იწურებოდა, როცა მეგობარმა დამირეკა–მამაშენი ძალიან ავად შეიქნა და უნდა ჩამოხვიდეო. გულმა რეჩხი მიყო. მეორე დღესვე ჩამოვფრინდი. როცა სახლს მივუახლოვდი, ყველაფერს მივხვდი. არ მახსოვს, როგორ ავირბინე ხალხით სავსე კიბე. ძაძებში გახვეული დედა მამის ცხედართან იჯდა. გავქანდი, დედის კალთაში პატარა ბავშვივით ჩავრგე თავი და ავქვითინდი. როცა გონს მოვეგე, ძაღლი მოვიკითხე. მეგობარმა მანიშნა, წამომყევიო. კიბეზე დავეშვით. ძაღლის საცოდავი წკმუტუნი შემომესმა. კიბის ქვეშ შევიხედე და გავშეშდი. ძაღლი საშინელ მდგომარეობაში დამხვდა. სახესა და თავზე რამდენიმე ადგილას ნაიარევი აჩნდა. – რა მოხდა, ვინ დაასახიჩრა ასე? – შევყვირე გამწარებულმა ჩემს ხმაზე ნელი ბარბაცით გამოვიდა და თავი სიყვარულით მუხლზე დამადო. მთელი ტანი უთრთოდა. მუხლზე სისველე ვიგრძენი. მეგონა, სისხლი მოსდიოდა. ხელი მოვხვიე და სახე ავუწიე. ნეტა სისხლი ყოფილიყო. ეს იყო მისი სამძიმრის ცრემლები, რომელიც უკვე მიმქრალი თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. გული ჩამწყდა. – რა მოხდა? გავიმეორე გიჟივით.
– რა მოხდა და მამა რომ გარდაიცვალა, ცხედარს არ მოსცილდა. ვერაფრით გარეთ ვერ გავიყვანეთ, დავტოვეთ კუბოსთან. დილის ხუთი საათი იქნებოდა, რომ დარტყმის ხმა მოგვესმა. სასწრაფოდ ოთახში შევედით და გავოცდით, საცოდავი ძაღლი მთელი ძალით ურტყამდა თავს კუბოს ფიცარს. ძლივს, ძალისძალად მოვაცილეთ, შემდეგ ამ კიბის ქვეშ მოიკალათა და ახლოს არავინ გაგვიკარა. როცა ვნახეთ, გული მოგვიკვდა. ერთ ღამეში დაბერებულიყო.
ის ღამე მასთან ერთად კიბის ძირში გავატარე. თავი თავს მივადეთ და ასე შევხვდით გარიჟრაჟს. როგორ არ მეხვეწნენ ჩემიანები, მაგრამ არ მივატოვე. მივხვდი, რომ იგი ღმერთს ჩემს სულიერ სამყაროში უბედურების თანამოზიარედ შემოეგზავნა. ბედნიერი ვიყავი, რომ ქვეყანაში, სადაც ბობოქრობდა უგუნურება, უგულობა, სიავე და სიბინძურე, ღმერთმა უზადო სიყვარულის ღირსი გამხადა. პირველად ჩავფიქრდი იმაზე, რომ ქუჩის მაწანწალა ძაღლს უფრო მეტი ერთგულება და სიყვარული შეუძლია, ვიდრე ჩვენ ყველას ერთმანეთის მიმართ. როცა მამის ნეშტი მიწას მივაბარეთ, უკან ვბრუნდებოდით მწუხარებით სავსე სამი არსება–დედაჩემი, მე და ძაღლი. მთელი საღამო სიტყვა არ დაგვიძრავს. არც ძაღლს დაუყეფია ან დაუკვნესია. ყველამ ის საღამო მწუხარე იდუმალებით მოსილებმა სიჩუმით მივუძღვენით ერთმანეთს. მეორე დღეს ჩემს უდროოდ დაბერებულ ჭირისუფალ ძაღლთან ერთად აეროვაგზლის სალაროს მივაკითხე, რათა უკან დასაბრუნებელი ბილეთი ჩამებარებინა. ვუყურებდი ძაღლს და მივხვდი, რომ შესანიშნავად იგრძნო, რაც მოხდა. ალერსიანად მომადო ფეხზე თავი და გაირინდა, ამით გამოხატა თვისი მადლიერება. მივხვდი, რომ არაფერი უნდა მეთქვა. მუხლზე ჩავიჩოქე და უხმოდ გავიზიარე მისი გრძნობები ჩემს მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარულით დაიწყო და შეუდარებელი, აუნაზღაურებელი ძაღლური ერთგულებით დამთავრდა.